1.უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა შეაფასოს სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან დამოუკიდებელმა , შესაბამისი ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების მქონე შემფასებელმა .
2.საშემფასებლო საქმიანობა ხორციელდება და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება დაანგარიშდება საერთაშორისოდ აღიარებული საშემფასებლო სტანდარტების მიხედვით .
3.უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა გადამოწმდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ . უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა გადამოწმდეს უფრო ხშირად , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი გარემოება : ა ) საბაზრო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა ; ბ ) უძრავი ქონების ბაზარზე უძრავი ქონების ფასი მნიშვნელოვნად დავარდა ან მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა , მათ შორის , იმ შემთხვევაში , თუ ეს უძრავი ქონების ერთ - ერთ სახეობას ან ტიპს ეხება .
4.უძრავი ქონების გადაფასება / შეფასების გადახედვა სავალდებულოა , თუ ამ მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული გადამოწმების ფარგლებში გაჩნდა ეჭვი , რომ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა .
5.ამ მუხლის მე -3 და მე -4 პუნქტების შესაბამისად უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გადამოწმების ( მონიტორინგის ) და გადაფასების / შეფასების გადახედვის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტატისტიკური მეთოდები .
6.ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ზუსტდება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით . მუხლი 5. რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივები 1. რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს რეფინანსირების ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები : ა ) რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნები ; ბ ) ამ კანონის მე -3 მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი აქტივები ; გ ) ამ კანონის მე -3 მუხლის მე -8 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები .
2.ამ კანონის მე -3 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილი აკრძალვა ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შესატან აქტივებზე .
3.ამ კანონის 25- ე მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე რეფინანსირების ბანკის მოვალის კუთვნილ იმ უზრუნველყოფის აქტივებს , რომლებიც იმავე პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების ბანკს გადაეცემა .
4.რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი რეფინანსირების ინსტრუმენტების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 80 პროცენტზე ნაკლები . თუ არსებობს ისეთი გარემოებები , რომლებიც საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან / და პროგრამის კრედიტორთა არსებით ინტერესებს , საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი , რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 60 პროცენტზე ნაკლები . ამ პუნქტის მიზნებისთვის რეფინანსირების ინსტრუმენტის ნარჩენი ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის მე -7 მუხლის მე -3 და მე -5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები .
5.რეფინანსირების ბანკის მოვალემ რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტიდან ( ინსტრუმენტებიდან ) გამომდინარე გადახდის ვალდებულებები საკმარისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივებით უნდა უზრუნველყოს , რაზედაც შესაბამისად ვრცელდება ამ კანონის მე -3, მე -4 და მე -6− მე -8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები .
6.ამ კანონის დებულებები , რომლებიც რეფინანსირების ბანკის მიერ იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს , არ გამოიყენება რეფინანსირების ბანკის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ იპოთეკური ობლიგაციების ამ კანონის შესაბამისად დამოუკიდებლად გამოშვების შემთხვევაში . თავი III უზრუნველყოფის აქტივების ლიკვიდურობა და ვალდებულებების უზრუნველყოფა






