1.კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები : ა ) იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნები ; ბ ) დამატებითი აქტივები ; გ ) დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები .
2.კომერციულ ბანკს ეკრძალება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში აქტივის შეტანა , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი გარემოება : ა ) ამ აქტივზე ვრცელდება ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება ; ბ ) ეს აქტივი დეფოლტშია .
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური სესხი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ ძირითად მოთხოვნებს : ა ) სესხის ხელშეკრულება წარმოშობს ნამდვილ და აღსრულებად ფულად მოთხოვნას , რომლის ღირებულების დადგენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ; ბ ) იპოთეკა აკმაყოფილებს მისი წარმოშობისთვის საჭირო , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა მოთხოვნას და აღსრულებადია ; გ ) კომერციულ ბანკს , როგორც კრედიტორს , შეუძლია იპოთეკის საგნიდან თავისი მოთხოვნის დროის გონივრულ მონაკვეთში დაკმაყოფილება ; დ ) იპოთეკა პირველი რიგის უფლებაა .
4.უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის მომენტისთვის იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა ( ან მისი ნაწილი ), რომელიც ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება , არ უნდა აჭარბებდეს აღნიშნული იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60 პროცენტს , თუ იპოთეკის საგანია არასაცხოვრებელი უძრავი ქონება , ხოლო თუ იპოთეკის საგანია საცხოვრებელი უძრავი ქონება − 80 პროცენტს . ამ პუნქტით დადგენილი წესი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე ისეთ შემთხვევაზე , როდესაც ერთზე მეტი იპოთეკური სესხი ერთობლივად უზრუნველყოფილია ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონებით . საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია , საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე , უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებისთვის დააწესოს სესხის უზრუნველყოფის ამ პუნქტით დადგენილზე უფრო მკაცრი ზღვარი .
5.თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ( ან მისი ნაწილის ) მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან თანაფარდობა გადააჭარბებს ამ მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილ ზღვარს , აღნიშნული იპოთეკური სესხის ძირითადი თანხა ( ან მისი ნაწილი ), რომელიც ამ კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ გაანგარიშებაში გაითვალისწინება , პროპორციულად შემცირდება . ამ შემთხვევაში ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი აქტივები დაამატოს , თუ ეს აუცილებელია ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად .
6.იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში დამატებითი აქტივების სახით შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები : ა ) დეპოზიტები ; ბ ) საქართველოს მთავრობის , საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის ( სუბიექტების ) მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები ; გ ) საქართველოს მთავრობის , საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის ( სუბიექტების ) მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები .
7.უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 80 პროცენტზე ნაკლები . თუ არსებობს ისეთი გარემოებები , რომლებიც საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან / და პროგრამის კრედიტორთა არსებით ინტერესებს , საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი , რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 60 პროცენტზე ნაკლები . ამ პუნქტის მიზნებისთვის იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის მე -7 მუხლის მე -3− მე -5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები .
8.ემიტენტს შეუძლია საბაზრო რისკები ( მათ შორის , საპროცენტო რისკი და სავალუტო რისკი ), რომლებიც გავლენას ახდენს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაზე , მართოს დერივატივის ( დერივატივების ) გამოყენებით , თუ იგი აღნიშნულ დერივატივს ( დერივატივებს ) უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დაარეგისტრირებს . დერივატივი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული რისკების ჰეჯირების მიზნით და უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ პირობებს : ა ) დერივატივი დადებულია ჩარჩოხელშეკრულების საფუძველზე , რომლითაც ნებადართულია მხოლოდ იმ მოთხოვნათა საბოლოო ურთიერთგაქვითვა , რომლებიც წარმოიშობა უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული დერივატივიდან ( დერივატივებიდან ); ბ ) დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარემ წინასწარ განაცხადა თანხმობა უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დერივატივის რეგისტრაციაზე ; გ ) დერივატივის ხელშეკრულება შედგენილია წერილობით ( მათ შორის , ელექტრონული ფორმით ); დ ) დერივატივის პირობების მიხედვით , აკრძალულია დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ დერივატივის შეწყვეტა ან / და საბოლოო ურთიერთგაქვითვა , გარდა ამ კანონის მე -16 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევისა ; ე ) დერივატივის პირობების თანახმად , თუ დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარის კრედიტუნარიანობა მიუღებელ ზღვრამდე შემცირდა , იგი სხვა კონტრაჰენტით ჩანაცვლდება , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარე ემიტენტს საკმარის უზრუნველყოფას წარუდგენს ; ვ ) დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარე ფინანსური ინსტიტუტია .
9.თუ ამ კანონით ან იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული , ემიტენტი არ არის ვალდებული , უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული ფულადი სახსრები პროგრამის კრედიტორებს გაუნაწილოს ან / და ეს სახსრები უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში განათავსოს . ეს პუნქტი გავლენას არ ახდენს ემიტენტის ვალდებულებაზე , გადაიხადოს იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი ემისიის პირობების შესაბამისად .
10.ემიტენტი ვალდებულია განახორციელოს უზრუნველყოფის აქტივების სეგრეგაცია თავისი სხვა აქტივებისგან იმგვარად , რომ უზრუნველყოფის აქტივები მუდმივად იდენტიფიცირებული იყოს და მათზე ხელი არ მიუწვდებოდეთ , პროგრამის კრედიტორების გარდა , ემიტენტის სხვა კრედიტორებს საკუთარი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად .
11.ამ მუხლის პირველი , მე -3− მე -5 და მე -7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უზრუნველყოფის აქტივებზე .






