1.ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ავტორიზებულ პირს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით მიაწოდოს ინფორმაცია იმ სამშენებლო სამუშაოების ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების განზრახვის შესახებ, რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განთავსების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ან გაფართოება.
2.ავტორიზებულ პირს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საპროექტო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში შესაბამისი პროექტის წარდგენამდე 1 თვით ადრე. ავტორიზებული პირები შესაძლებელია ცალ-ცალკე ან ერთად ჩაერთონ დაგეგმილ სამუშაოებში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განთავსების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან გაფართოების მიზნით.
3.ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციაზე შეთანხმების მისაღწევად ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებული პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს მისთვის ინფორმაციის მიწოდება. ეს ინფორმაცია, რომელიც შეეხება ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ მიმდინარე ან დაგეგმილ საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებს, რომლებზედაც მშენებლობის ნებართვა/თანხმობა უკვე გაიცა, ამ ნებართვის/თანხმობის გაცემის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა ან აღნიშნული ნებართვის/თანხმობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია შესაბამის საჯარო დაწესებულებას პირველად მომდევნო 6 თვის ვადაში წარედგინება, მოიცავს: ა) სამშენებლო სამუშაოების ადგილმდებარეობისა და ტიპის შესახებ ინფორმაციას; ბ) აღნიშნული ფიზიკური ინფრასტრუქტურის ქსელის ელემენტების შესახებ ინფორმაციას; გ) სამშენებლო სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღისა და მათი ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას; დ) საკონტაქტო ინფორმაციას.
4.ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ წერილობით მოთხოვნაში მიუთითოს ადგილი, სადაც იგი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ელემენტების განთავსებას აპირებს.
5.ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებულ პირს მისი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია თანასწორობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
6.ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, სრულად არ მიაწოდოს ავტორიზებულ პირს მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურის ოპერატორმა უზრუნველყოს: ა) ქსელების მთლიანობა და უსაფრთხოება; ბ) სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა; გ) სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების დაცვა.
7.ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ავტორიზებულ პირს მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებაზე დასაბუთებული უარი განუცხადოს მხოლოდ ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა) თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორი უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის ელექტრონული ფორმით საყოველთაო ხელმისაწვდომობას; ბ) თუ ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის მეშვეობით.





