რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ
Article 24. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელის მოვალეობები
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მფლობელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნისა და მასზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველსაყოფად, ვალდებულია: ა) შეიმუშაოს და განახორციელოს რადიაციული დაცვის პროგრამა, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმა და ბირთვული დაცულობის გეგმა მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბირთვული და რადიაციული ობიექტის გამოკვლევისა და მონიტორინგის საფუძველზე შეიმუშაოს და განახორციელოს ობიექტის დეკომისიის გეგმა; გ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ამ ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის განახლებული პროგრამა 7 დღის ვადაში; დ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა მარეგულირებელი ორგანოს მიერ ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის; ე) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები; ვ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყარო, რომელსაც აქვს შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაცია, ნიშნული და რომელიც მოთავსებულია სათანადო მარკირების მქონე კონტეინერში; ზ) მაიონებელი გამოსხივების წყაროსა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა, აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ, ხოლო რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად, აგრეთვე რადიაციული დაცვისა და ბირთვული დაცულობისთვის პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე პირი; თ) ორგანიზება გაუწიოს პერსონალის ჯანმრთელობის ყოველწლიურ პროფესიულ შემოწმებას და დააფინანსოს იგი, ხოლო შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას უზრუნველყოს შესაბამისი პერსონალის სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა; ი) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება არ არის; კ) ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის საკითხების თაობაზე პერსონალის სპეციალური პროფესიული სწავლება და რეგულარული ტრენინგების ჩატარება; ლ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რადიაციული დაცვა; მ) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით შესაბამის პირს გადასცეს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიოაქტიური მასალა, რადიოაქტიური წყარო და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ან რადიოაქტიური ნარჩენების შესანახში განსათავსებელი რადიოაქტიური ნარჩენები; ნ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე პერსონალის, მათ შორის, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს; ო) შეასრულოს ადამიანსა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი სარეგისტრაციო, სალიცენზიო ან/და სანებართვო შეზღუდვები; პ) დაუყოვნებლივ გამოიკვლიოს თავის მიერ განხორციელებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა, მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; ხოლო დარღვევისა და მოკვლევის შედეგების თაობაზე წერილობით აცნობოს მარეგულირებელ ორგანოს; ჟ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისას 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს; რ) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ს) მარეგულირებელ ორგანოს ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო და სარეგისტრაციო პირობების შესრულების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას ან რეგისტრაციას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს; ტ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
