1.საპენსიო კომპანიის ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი წესდება საპენსიო კომპანიის ლიცენზირებისთვის სავალდებულო დოკუმენტია.
2.საქართველოში დაფუძნებული საპენსიო კომპანიის წესდება არ უნდა შეიცავდეს დებულებას, რომელიც: ა) ეწინააღმდეგება ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) არასამართლიანია საპენსიო სქემების მონაწილეების ინტერესებთან მიმართებით.
3.საქართველოში დაფუძნებული საპენსიო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს ან/და ინფორმაციას: ა) საპენსიო კომპანიის სახელწოდებას; ბ) საპენსიო კომპანიის მიზნისა და სამიზნე ჯგუფის შესახებ; გ) საპენსიო კომპანიის წესდებაში ცვლილების შეტანის წესებისა და პროცედურის შესახებ; დ) საპენსიო მომსახურების მიწოდების განუსაზღვრელი ვადის შესახებ; ე) საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების აღწერას; ვ) საპენსიო აქტივების სამართავად დაქირავებული აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის ჩანაცვლების პირობების თაობაზე, ხოლო მათი ჩანაცვლების შემთხვევაში − მონაწილეების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების შესახებ; ზ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩანაცვლების პირობების თაობაზე, ხოლო მისი ჩანაცვლების შემთხვევაში − მონაწილეების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების შესახებ.




