1.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
2.თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის მიღების შემდეგ.
3.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები. სალიცენზიო/სანებართვო პირობების ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვით განსაზღვრულ პირობებს ენიჭება.
4.ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) დაბინძურების ყველა სათანადო პრევენციული ღონისძიების გატარება; ბ) საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება; გ) მნიშვნელოვანი დაბინძურების გამოწვევის თავიდან აცილება; დ) ნარჩენების მართვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის შესაბამისად; ე) ენერგიის ეფექტიანად გამოყენება; ვ) ავარიების შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და სხვა შესაძლო ინციდენტების/ავარიების პრევენციის მიზნით აუცილებელი ზომების მიღება; ზ) საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, დაბინძურების ნებისმიერი რისკის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი ზომების მიღება და საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენა, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.
