Article 121. საოჯახო პაემანი
1. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.
2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება.
3. ქალ მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
4. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.
5. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 კალენდარული დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ქალ მსჯავრდებულთან ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიმართვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ ან მასზე მოტივირებული უარის თქმის თაობაზე. მსჯავრდებულს ეს გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება.
7. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე. ამ შუამდგომლობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში სამსახურის გენერალური დირექტორი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან მოტივირებულ უარს ეუბნება. სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის უფლების მიცემის შესახებ.
8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა ორგანიზებას უწევს საოჯახო პაემანს და ამის თაობაზე განმცხადებელს აცნობებს.
9. საოჯახო პაემნის ხანგრძლივობაა 3 საათი.
10. საოჯახო პაემნისთვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
11. საოჯახო პაემნის ორგანიზებას, აგრეთვე მის ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახური.
12. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1619 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
