Article 120. ხანმოკლე პაემანი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისშვილი, ძმისშვილი და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
