Article 30. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში; ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას; გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას; დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდების, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის; ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს; ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრებს შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას; ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის; თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე; ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს; კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
