Article 53. წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა
1. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მათ შორის: ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ დაკავებული შენობების, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ დაკავებული შენობების გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თუ სხვა პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისთვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პარტიებისა); გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება; დ) საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
