1.აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე მაუწყებლის საგანმანათლებლო, კულტურული, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული პროგრამების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფინანსების ან თანადაფინანსების შემთხვევებისა. 1 1 . აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება. 1 2 . ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
2.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. [ 2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 2 1 . თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე, არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
3.საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად.
4.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საუნივერსიტეტო მაუწყებლობა ფინანსდება საკუთარი სახსრებით, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებით. 4 1 . კულტურის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობა შესაძლებელია დააფინანსოს შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
5.ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დააფინანსოს მაუწყებლის მიერ სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციისთვის გაწეული დამატებითი ხარჯები ამ გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში მაუწყებელმა ადმინისტრაციულ ორგანოსა და კომისიას უნდა წარუდგინოს გადაცემის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტაციასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების შესახებ ანგარიში, რომელსაც უნდა დაურთოს შესაბამისი პირველადი ფინანსური დოკუმენტები (ინვოისი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება და ა. შ.). კომისიამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი და დაადასტუროს, რომ ეთერში გასული სატელევიზიო გასართობი/შემეცნებითი გადაცემა შეესაბამებოდა კომისიის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჟესტური ენით, სუბტიტრებითა და აუდიოდესკრიფციით გადაცემების მომზადებისა და განთავსების სახელმძღვანელო წესებს. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1254 – ვებგვერდი, 02.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2759 - ვებგვერდი, 18.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6345 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2550 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4418 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №407 - ვებგვერდი, 02.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1706 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.





