1.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, საცალო მომხმარებლის შიდა ქსელზე ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს. დაუშვებელია პირი ერთდროულად სარგებლობდეს როგორც მიკროსიმძლავრის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით.
2.საცალო მომხმარებელი უფლებამოსილია, მის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს და განახორციელოს მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამასთან, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის შესაძლო სქემებია: ა) სინქრონული – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მუშაობს გამანაწილებელი ქსელთან სინქრონულ რეჟიმში; ბ) ინვერტორი – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულია გამმართველი-ინვერტორის საშუალებით.
5.განაწილების ლიცენზიატის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2 პროცენტს. განაწილების ლიცენზიატის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური პიკური დატვირთვის შესახებ, ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრისა და დარჩენილი (თავისუფალი) სიმძლავრის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე.
7.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელს გაუწიოს ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ტექნიკური, სამართლებრივი ან/და სხვა სახის კონსულტაცია.
