1.საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მიწოდების განხორციელების მომენტში, თუ არ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება.
2.თუ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მისი შემძენთან გაგზავნის ან ტრანსპორტირების დაწყების მომენტში.
3.გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის სავაჭრო შუამავლისთვის მიწოდების შემთხვევაში, მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც სავაჭრო შუამავალს დაფუძნებული აქვს თავისი საქმიანობა ან, სადაც მას აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლისთვისაც ხორციელდება ამ საქონლის მიწოდება, ხოლო, თუ არ არსებობს საქმიანობის დაფუძნების ადგილი ან ფიქსირებული დაწესებულება − ადგილი, სადაც მას აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.
4.გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის მიწოდებისას, თუ ამას არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-3 ნაწილი, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება მომხმარებლის მიერ ამ საქონლის ფაქტობრივი გამოყენებისა და მოხმარების ადგილი.
5.თუ ფაქტობრივად არ ხორციელდება მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის ან ელექტრონერგიის სრულად ან ნაწილობრივ მოხმარება, საქონელი, რომელიც არ იქნა მოხმარებული, მიიჩნევა გამოყენებულად და მოხმარებულად იმ ადგილზე, სადაც მომხმარებელი ახორციელებს საკუთარ საქმიანობას ან აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლისთვისაც ხორციელდება საქონლის მიწოდება. თუ არ არსებობს საქმიანობის ადგილი ან ფიქსირებული დაწესებულება, მიიჩნევა, რომ საქონელი გამოყენებული და მოხმარებულია მომხმარებლის მიერ იმ ადგილზე, სადაც მას აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.






