სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ
Article 17. აქტის შედგენის წესი
1. სასმელი წყლის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, წყალმომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებელის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის შედეგად სასმელი წყლის მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
2. აქტს მიმწოდებლის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი; ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები; გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც; დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები; ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
