საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 169. პირის ბრალდებულად ცნობა
1. პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება №1/1/548 – ვებგვერდი, 04.02.2015წ.
2. ბრალის წაყენებისათვის საკმარისი საფუძვლის არსებობისას პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. დადგენილების გამოტანის შემდეგ პროკურორი განსაზღვრავს ბრალის წაყენების დროსა და ადგილს. ბრალი წაყენებულ უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.
3. ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული.
