საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 272. განაჩენის შესავალი ნაწილი
განაჩენის შესავალ ნაწილში აღინიშნება: ა) რომ განაჩენი დადგენილია საქართველოს სახელით; ბ) განაჩენის დადგენის დრო და ადგილი; გ) განაჩენის დამდგენი სასამართლოს სახელწოდება და შემადგენლობა, სასამართლო სხდომის მდივანი, ბრალმდებელი და ადვოკატი; დ) ბრალდებულის პერსონალური მონაცემები და მასთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ცნობები; ე) სისხლის სამართლის კანონი, რომლითაც ბრალდებულს ბრალი წაუყენეს. მუხლი 273. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი 1. გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდების ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი და მოტივები. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საფუძველი და მოტივები. განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განაჩენში შეიძლება მითითებული იყოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
