საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 59. სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები #
1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ: ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული; ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე; ბ 1 ) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს; გ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი; დ) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან; დ 1 ) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე; ე) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში.
