1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიას რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, თუ მოსამართლის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კენჭისყრის შედეგად, სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.
2.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისთვის წარდგინებით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში ნიშნავს წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ წარდგინების განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში − აგრეთვე უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაში.
3.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას იხილავს მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ კანონით დადგენილი საერთო წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვაზე საქმის მხარის გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას.
4.თუ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია გაიზიარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებას და მიიჩნევს, რომ არსებობს ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია ვარაუდის მაღალი ხარისხისთვის, რომ შესაბამის თანამდებობაზე მოსამართლის დარჩენით ხელი შეეშლება შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის წარმოების საბოლოოდ დასრულებამდე მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
