Article 29. ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა და სისტემატიზაცია
1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, აგრეთვე ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი .
3. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვისა და სისტემატიზაციის, აგრეთვე სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრი (შემდგომ – სახელმწიფო რეესტრი), რომელიც არის ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
