1.სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2.სააპელაციო სასამართლოში იქმნება: ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დ) საგამოძიებო კოლეგია. 2 1 . სააპელაციო სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების გარდა, დამატებით შეიქმნას სხვა სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეული/ერთეულები (ერთი ან რამდენიმე პალატა/კოლეგია).
3.სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
4.აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის შესაბამისად შერჩეულ მოსამართლეს, მისი თანხმობით, შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.
5.სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატასა და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავთ თავმჯდომარეები. სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებს შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარედ ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.
6.სააპელაციო სასამართლოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის 2 მოადგილე, რომელთაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთაგან 10 წლის ვადით თანამდებობებზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. თანამდებობაზე 3 წლის ვადით განწესებული მოსამართლე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება დანიშნოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მისი, როგორც თავმჯდომარის მოადგილის, უფლებამოსილების ვადით.



