1.შემფასებლები მოსამართლის საქმიანობას აფასებენ პარალელურად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. შემფასებლები ვალდებული არიან, ერთმანეთს არ გაუმჟღავნონ შეფასებისას მოპოვებული ინფორმაცია და შეფასების შედეგები.
2.შემფასებელი უფლებამოსილია მოსამართლის საქმიანობის შეფასებისათვის განკუთვნილ 2-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის, შეისწავლოს საქმეები, დაესწროს შესაფასებელი მოსამართლის მიერ წარმართულ სასამართლო სხდომებს, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე შეფასების პერიოდის დაწყებამდე გამართული სასამართლო სხდომების აუდიო- და ვიდეოჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართოს იურიდიული წრეების წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს და სხვა პირებს და დაუსვას კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემფასებელმა შესაფასებელ მოსამართლეს არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომლებიც შინაარსობრივად შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას უტოლდებოდეს. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით მოსამართლის შეფასებასთან დაკავშირებული არ არის. მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული მიზნებისათვის. ინფორმაციის მოპოვების მეთოდი არ უნდა ხელყოფდეს შესაფასებელი მოსამართლის დამოუკიდებლობას.
