1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში წინასწარ, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ამოწმებს ამ ინფორმაციის საფუძვლიანობას. აღნიშნული ინფორმაციის წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირით, ხოლო მისი წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება შეჩერდეს.
2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის შემოწმებისას უშუალოდ გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემთა ელექტრონული ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონული ბაზა. ამასთანავე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული შემოწმებისას ინტერაქტიური ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართვიდან 10 დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვოს ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სახელმწიფო საზღვრის კვეთის, ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მონაცემები მოიძიოს უშუალოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომატიზებული საძიებო რესურსის მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე უფლებამოსილია დასაბუთებული წერილით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებით სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომლის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის განხორციელებისას დარწმუნდება, რომ ამ საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს დასაბუთებული წარდგინებით აღნიშნული საქმის მასალების საქართველოს პროკურატურისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
4.მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას შეიძლება საფუძვლად დაედოს ის გარემოებები, რომლებიც მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივარში, განცხადებაში ან სხვა ინფორმაციაში მითითებული არ ყოფილა და რომლებიც წინასწარი შემოწმების დროს გამოვლინდა.
