Article 15^2. მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის განხილვის წესი
1. მედიატორს უფლება აქვს, მისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის/მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ამ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. ამ საჩივრის მიღებიდან 7 დღის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმის მხარეებს.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII 1 თავით დადგენილი წესით, ამ კანონის ნორმების გათვალისწინებით.
3. საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმის მხარეები არიან მედიატორთა ასოციაცია და ის მედიატორი, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო.
4. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შესაბამისი სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროდ უნდა ჩატარდეს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აღინიშნება: ა) სხდომის ჩატარების თარიღი; ბ) სხდომის დაწყების დრო; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივნის ვინაობა; დ) საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი, ეთიკის კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თარიღი; ე) მხარეთა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა შესახებ ინფორმაცია; ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები; ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები; თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი; ი) სხდომის დამთავრების დრო.
7. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოების შეტანის თაობაზე, რომელსაც, მისი აზრით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა შეიძლება ჩაწერილ იქნეს სათანადო ელექტრონული საშუალების გამოყენებით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმი საქმეს დაერთვება.
10. თუ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროა, საქმის განხილვის ფოტოგადაღება, კინოგადაღება, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საქმის განმხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები. ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება. საქმის განმხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაერთვება.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მედიაციის შესახებ
