Article 40. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა
1. წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა, გარდა ამ კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილი წესისა, საჭიროებს წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანას. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსის 40 1 მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტისთვის დართული მასალები უნდა შეიცავდეს განახლებულ საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებს და ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსის ამსახველ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი წარდგენა საჭირო არ არის ცვლილებების ან/და დამატებების შინაარსიდან გამომდინარე.
3. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კანონის პროექტთან დაკავშირებულ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას.
4. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგენს მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ.
