1.სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში.
2.დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში ამ ავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
3.სამშენებლო საქმიანობაში მონაწილე სუბიექტები (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომლებიც ითვლებიან დამკვეთად ან რომლებსაც შეთავსებული აქვთ დამკვეთისა და მენარდის ფუნქციები, ჯარიმდებიან: ა) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის; ბ) სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის.
4.ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში , მისი დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ , ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც დამრღვევს შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ.
5.მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვალდებულება ეკისრება ახალ მესაკუთრეს.
6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთის რეალიზაცია აუქციონის ჩატარების გზით.
7.თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო აუქციონს ატარებს ამ კანონით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის მოთხოვნათა დაცვით.
8.მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, გარდა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოთხოვნებისა. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4968 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. თავი IV ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში






