საოქმო ჩანაწერიმეორე კოლეგიანაწილობრივ მიღებულია განსახილველადსადავო ნორმის მოქმედება შეჩერდა

N2/10/402,405· 30.10.2006

ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და მესამე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით

საკვანძო სამართლებრივი პოზიცია და ტესტი

სტრუქტურირებული ანალიზი (AI) · გადაამოწმეთ ტექსტში

სადავო ნორმის შეჩერებისას სახალხო დამცველის სარჩელის მხარედ მოიაზრება აგრეთვე პირთა წრე, რომლის უფლებებსაც იგი იცავს.

განხილული საკითხები

  • რა მტკიცებულებებია საჭირო საკუთრების შეზღუდვის შესახებ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით სარჩელის დასაშვებად?
  • ვის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის საფრთხე გაითვალისწინება სახალხო დამცველის სარჩელზე სადავო ნორმის შეჩერებისას?
  • რა ვადით შეჩერდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53^3 მუხლის მოქმედება?
  • სარჩელის ნაწილობრივი დასაშვებობა

    დაუშვებელია

    საკუთრების ჩამორთმევისა და შეზღუდვის განსხვავების გამო, კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით დავა მოითხოვდა შესაბამის მტკიცებულებებს, რომლებიც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის დასაშვებობის მოთხოვნა
    გამოყენების ფარგლები:
    უარი შეეხო მხოლოდ №402 სარჩელის ნაწილს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
  • სარჩელების არსებითად განსახილველად მიღება

    დასაშვებია

    №402 სარჩელი მიღებულ იქნა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, ხოლო №405 სარჩელი — ამ მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

    შეფასების სტანდარტი:
    სარჩელის ფორმალური მოთხოვნებისა და მიღებაზე უარის საფუძვლების შემოწმება
    გამოყენების ფარგლები:
    არსებითი განხილვის საგანია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53^3 მუხლი.
  • სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება

    პროცესუალური

    სახალხო დამცველის სარჩელის შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგის შეფასებისას მხარედ მიიჩნევა დაცულ პირთა წრეც; საერთო სასამართლოში მიმდინარე ან დასრულებული დავების გამო უფლებათა დარღვევის შეუქცევადობის რეალურმა საფრთხემ გაამართლა ნორმის შეჩერება.

    შეფასების სტანდარტი:
    მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის რეალური საფრთხის შეფასება
    გამოყენების ფარგლები:
    შეჩერება მოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სამართლებრივი შედეგი: სადავო მუხლის მოქმედება შეჩერდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, უფლებების გამოუსწორებელი დარღვევის საფრთხის გამო.

სადავო ნორმები და შედეგი

აქტის სრული ტექსტი

35 პარაგრაფი
სატიტულო ნაწილი და რეკვიზიტები (8 პარაგრაფი)

კოლეგიის შემადგენლობა:

ბესიკ ლოლაძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე

ოთარ სიჭინავა - წევრი

ჯონი ხეცურიანი - წევრი

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა

საქმის დასახელება: ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და მესამე პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე, საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და მოსარჩელის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი იოსებ ლომაშვილი.

სრული ტექსტი

§8

I

1.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №402) მომართა მოსარჩელე ანზორ მანძულაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები. მოსარჩელემ მოითხოვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.

2.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 18 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №405) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. მოსარჩელემ მოითხოვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, №402 და №405 კონსტიტუციური სარჩელები წარმოებაში მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელების, თანდართული საბუთების განხილვისა და 2006 წლის 24 ოქტომბრის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეების წარმომადგენელთა განმარტების საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებასთან და მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის, 10 მაისისა და 16 ივნისის განმწესრიგებელი სხდომების საოქმო ჩანაწერებით (№2/3/370; №2/4/382; №2/6/390) არსებითად განსახილველად მიღებულ 370-ე, 382-ე და 390-ე ნომრებით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი. გამწესრიგებელ სხდომაზე კოლეგიამ ასევე გამოარკვია სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე მოსარჩელის მიერ №405 კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებული საკითხები და მოისმინა მოსარჩელის წარმომადგენლის შესაბამისი განმარტება.

§12

II

1.

№402 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ მოყვანილი მტკიცებულებები და არგუმენტაცია შეეხება მხოლოდ საკუთრების ჩამორთმევას. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეს არ მოუყვანია სხვა მტკიცებულებები და უცვლელად დატოვა მოთხოვნა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება საკუთრების უფლების შეზღუდვის წესს, შემთხვევებსა და ფარგლებს. საკუთრების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღიარებული და უზრუნველყოფილი სიკეთე - საკუთრების უფლება, არის ერთმანეთისაგან როგორც ფორმით, ასევე შინაარსით განსხვავებული ინსტიტუტი. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელე მოითხოვდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53^3 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მთლიანად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და არა მის რომელიმე პუნქტთან მიმართებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მას უნდა წარმოედგინა მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას.

2.

№402 კონსტიტუციურ სარჩელში სხვა მხრივ დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.

3.

№405 კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.

4.

№405 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, რადგანაც მის მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი. ამ კონსტიტუციური სარჩელის შემთხვევაში მოსარჩელე მხარე არის საქართველოს სახალხო დამცველი. თუმცა, სახალხო დამცველის უფლებამოსილებებიდან და მისი კონსტიტუციური სარჩელის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მხარეში ამ შემთხვევაში უნდა ვიგულისხმოთ არა მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველი, არამედ პირთა ის წრე, რომელთა უფლებების დაცვასაც ახდენს სახალხო დამცველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანით.

5.

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმა მიღებულია 2005 წლის 24 ივნისს და ამოქმედდა 2005 წლის 2 აგვისტოს, დაინტერესებულ პირს აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა. განსხვავებული მდგომარეობაა, როდესაც საერთო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა და სასამართლომ შესაძლებელია გამოიყენოს საქმის გადაწყვეტისას სადავო ნორმა ან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო ნორმაზე დაყრდნობით უკვე გამოტანილია და კანონიერ ძალაში შესული. ამ დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე საერთო სასამართლოში საქმის წარმოების შეჩერების ან დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეიძლება საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დადგეს. ამდენად, რეალურია საფრთხე, რომ პირის უფლებების დარღვევამ მიიღოს გამოუსწორებელი და შეუქცევადი ხასიათი.

§18

III

§19

იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით

III. სარეზოლუციო ნაწილი

§20

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1.

მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №402 (ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

2.

მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №405 (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3.

არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №402 (ანზორ მანძულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

4.

შეჩერდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53^3 მუხლის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

5.

№402 და №405 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს №370, №382 და №390 კონსტიტუციურ სარჩელებთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.

6.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

7.

საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

8.

საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პრეზიდენტს.

9.

საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანომდებლო მაცნეში“.

10.

საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

შემადგენლობა და ხელმოწერები (4 პარაგრაფი)

კოლეგიის წევრები:

ბესიკ ლოლაძე

ოთარ სიჭინავა

ჯონი ხეცურიანი

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (constcourt.ge). გადაწყვეტილების ოფიციალური ტექსტი.