1.ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება (შემდგომში – უმაღლესი განათლების აღიარება) გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ, რომლის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ სრულად/ნაწილობრივ, მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
2.უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს: ა) საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა, რომლითაც დგინდება ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით); ბ) ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით, რომლის საფუძველზეც განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენა.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებულ უმაღლეს განათლებას; ბ) უარს ამბობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე.
4.უმაღლესი განათლების აღიარების წინაპირობაა პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.დაინტერესებული პირის განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი უფლებამოსილია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის განმცხადებელს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებული პირის განათლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით.
6.დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას.
6¹.ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის მიმდინარეობის მონიტორინგი.
7.განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა მტკიცდება მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი პირის/ორგანოს სამართლებრივი აქტით.
8.დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას. გამოცდის ჩატარების შესახებ ასევე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ცენტრი.
9.განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებით განისაზღვრება განათლების რა ნაწილი იქნა მიჩნეული აღიარებულად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ.

