1.ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით.
1¹.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო სახელმწიფო ტყის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებითა და არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1².სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.
1³.სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
2.ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა, გარდა უძრავ ნივთზე სერვიტუტის უფლების დადგენისა და ამ მუხლის 2 4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.
2¹.ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის უძრავ ნივთზე სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე სერვიტუტის უფლების დადგენა ხორციელდება ქონების მმართველის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2².ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემისას − აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულება/აუქციონის შედეგები ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
2³.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის შემდგომი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით დასაშვებია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, არაუმეტეს 49 წლის ვადით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი სარგებლობის საფასურის სანაცვლოდ, აუქციონის გარეშე გადაცემა სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და მასზე მოწყობილი ინფრასტრუქტურის (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და სხვ.) ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით გამოყენების პირობით. მიწის სარგებლობაში გადაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადას. ამასთანავე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაუქმება გამოიწვევს ამ მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლების შეწყვეტას.
2⁴.ამ მუხლის 2 3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების ქონების მმართველის თანხმობით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება სარგებლობაში გადაცემული არ არის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქონების მმართველი ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე. ამასთანავე, სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა მისი საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 3 ჰექტარს.
2⁵.სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის/წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისათვის სახელმწიფო ქონების დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ სარგებლობის საფასურზე ნაკლებ ფასად სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3.ქონების მმართველი დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე, გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963- სსმ III,№74,24.12.2010 წ., მუხ.444 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4391 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5014 - ვებგვერდი, 14.07.2011წ . საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №485 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 18 მარტის კანონი №4910 - ვებგვერდი, 28.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №796 - ვებგვერდი, 29.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1702 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5705 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5960 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6896 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1085 – ვებგვერდი, 17.12.2021წ.

