საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
მუხლი 46
დაწესებულება ვალდებულია: ა) დაადგინოს პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი; ბ) დაადგინოს მიზეზობრივი კავშირი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსთან მიმართებით, განსაზღვროს გადამოწმების ვადა და მომდინარეობის პერიოდი; გ) განუსაზღვროს 18 წლამდე პირს კატეგორია – „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“; დ) განუსაზღვროს პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის პროცენტი დასაქმებულს, რომელმაც შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო დასახიჩრება, პროფესიული დაავადება ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანება, აგრეთვე დამატებითი დახმარების გაწევა; ე) განსაზღვროს შრომით დასახიჩრებასთან, ფრონტზე ყოფნასთან და სხვა გარემოებებთან მარჩენალის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირის არსებობა, გარდაცვლილის ოჯახისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გასავრცელებლად, პენსიის დასანიშნად და მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად; ვ) შეამოწმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გადაადგილების საშუალების (სავარძელ-ეტლი, ველოეტლი) მისაღებად სამედიცინო ჩვენებების განსაზღვრის მიზნით; ზ) დახმარება აღმოუჩინოს პირს იმ საბუთების მოძიებაში, რომლებიც აუცილებელია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩასატარებლად და რომელთა წარდგენაც საქართველოს კანონმდებლობით ეკისრება შესამოწმებელ პირს; თ) მონაწილეობა მიიღოს შესაძლებლობის შეზღუდვის პროფილაქტიკისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტუალურ საკითხებზე მოწყობილ კონფერენციებში, თათბირებსა და სემინარებში; ი) (ამოღებულია - 13.06.2023, 33123); კ) გასვლითი სხდომა ჩაატაროს სამედიცინო დაწესებულებასა და ავადმყოფის საცხოვრებელ სადგომში იმ მძიმე ავადმყოფის შესამოწმებლად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს დაწესებულებაში; ლ) სააგენტოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია (დოკუმენტები). საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4298 -სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.408 საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3123 – ვებგვერდი, 27.06.2023წ.
