1.ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარება – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2.განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა:
1.გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით; გ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; დ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; ე) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ვ) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია.
2.ამ კოდექსის მიზნებისთვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე, ინახავს ტანსაცმელში ან ფლობს იმგვარად, რომ შეუძლია მისი დაუყოვნებლივ გამოყენება.
3.ეს მუხლი ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა ამ ორდერითაა გათვალისწინებული.
4.პირს, რომელსაც აქვს მოკლე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აქვს აგრეთვე ცივი იარაღის ტარების უფლება. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16 საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1701 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3705 - ვებგვერდი, 30.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5027 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2295 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3446 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.
