მუხლი 22. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერთა სია და მისი შემოწმება
1. დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერებით შევსებული ყოველი ფურცლის თავში უნდა ეწეროს დამოუკიდებელი კანდიდატის სახელი, გვარი და მისი მხარდაჭერის ტექსტი. ყოველი ხელმოწერის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ხელმომწერის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) სერია და ნომერი, ხელმოწერის თარიღი. ხელმოწერებისათვის შეიძლება ფურცლის ორივე მხარის გამოყენება. ხელმოწერები დანომრილი უნდა იყოს. ფურცელს ხელს უნდა აწერდეს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი და მითითებული უნდა იყოს მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი.
2. საარჩევნო კომისიებს უფლება აქვთ შეამოწმონ ხელმოწერების ნამდვილობა. ბათილად მიიჩნევა იმ ბლანკზე შესრულებული ყველა ხელმოწერა, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის დადასტურებული ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. ბათილად მიიჩნევა აგრეთვე მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერა, თუ ამას წერილობით დაადასტურებს ხელმომწერი ამომრჩეველი, აგრეთვე სხვა პირის მიერ შესრულებული ხელმოწერა, თუ ეს წერილობით დაადასტურა თვით ამომრჩეველმა. ხელმოწერებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა საჩივარს საარჩევნო კომისია მიიღებს მხარდამჭერთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს 30 დღისა.
3. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრებს, საჩივრის შეტანის შემთხვევაში კი – სასამართლო დაწესებულებებს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება არჩევნებამდე 20 დღით ადრე.
