„ პროფესიული განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის
მუხლი 31. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) გადაწყვეტილების საჯაროობის, გამჭვირვალობისა და დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას; ბ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად მათი სქესისა, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა, ფიზიკური შესაძლებლობებისა და სხვა; გ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მონაწილეობას; დ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინებას; ე) საგანმანათლებლო პროცესის დაწესებულების ავტონომიურობის პრინციპის საფუძველზე წარმართვას ; ვ) ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სასწავლო დროს, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება.
2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი № 3529 - სსმ I, №4 7 , 05.08.2010 წ., მუხ. 300 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4203 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
