„სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ“ საქართველოს კანონში
მუხლი 2. საზღაურის ოდენობა
1. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულოა სანოტარო ფორმის დაცვა, საზღაური შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ამ კანონით.
2. იმ გარიგების დამოწმებისათვის, რომლის ნამდვილობისთვის კანონით სავალდებულო არ არის სანოტარო ფორმის დაცვა, აგრეთვე ნოტარიუსის სხვა მომსახურებისათვის საზღაურის ოდენობა შეიძლება დაწესდეს ამ კანონით ან განისაზღვროს ნოტარიუსსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებით.
3. კანონის საფუძველზე საზღაურის ოდენობა დგინდება გარიგების საგნის (ნივთის ან უფლების) ღირებულების საფუძველზე ან გარიგების ღირებულებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრული განაკვეთებით.
4. კანონის საფუძველზე საზღაურის ოდენობის დადგენისას, კერძოდ, მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების დაწესებისას, მხედველობაში მიიღება სანოტარო მოქმედების სირთულე, გაწეული სამართლებრივი კონსულტაცია, შესრულებული ტექნიკური სამუშაო და დახარჯული დრო.
5. იმ სანოტარო მოქმედებისათვის, რომლის შესრულებისთვისაც ამ კანონით დადგენილია საზღაური, ნოტარიუსი ვალდებულია გადაახდევინოს საზღაური მხოლოდ ამ კანონით დაწესებული ოდენობით. ნოტარიუსს უფლება აქვს, დაინტერესებულ პირს შეუთანხმდეს საზღაურის ოდენობაზე იმ მომსახურებისათვის, რომლისთვისაც ამ კანონით არ არის დადგენილი საზღაური. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3364 - სსმ I, №40, 20.07.2010 წ., მუხ.245
