1.კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანას სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო დაწესებულებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი მიზნებისათვის: ა) გამოფენის ორგანიზება; ბ) სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება; გ) საკონცერტო, თეატრალური ან სხვა სახის სამსახიობო საქმიანობა; დ) სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონსა და საქართველოს კანონმდებლობას. 2 საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდის, არქივის, ბიბლიოთეკის, კულტურული ფასეულობის საცავის სხვა სახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა პირების მიერ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლს ან კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე სანებართვო მოწმობის მისაღებად წარდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს: ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ; ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით; გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ;
3.ამ მუხლში მითითებული დროებით გასატანი კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანის საკითხს იხილავს საკონსულტაციო ჯგუფი, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4.კულტურის მოძრავ ძეგლს ან კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე სანებართვო მოწმობის მისაღებ განცხადებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ: ა) განმცხადებელს არ შეუძლია კანონით დადგენილი წესით წარადგინოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის (დაბრუნების) გარანტიები; ბ) გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მდგომარეობა არ იძლევა შენახვის პირობების შეცვლის შესაძლებლობას, ან თუ ასეთი შეცვლა გამოიწვევს მისი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესებას ნებისმიერი სახით; გ) გაურკვეველია გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მესაკუთრე ან თუ იგი წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე დავის საგანს; დ) გასატან ქვეყანაში უახლოეს წარსულში მოხდა, ხდება ან მოსალოდნელია სტიქიური უბედურება ან შეიარაღებული კონფლიქტი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დაცვას; ე) საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, სადაც აპირებენ კულტურული ფასეულობის გატანას. 5 ამ მუხლში მითითებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული სააგენტო, განცხადების შეტანიდან არაუგვინეს 20 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის ბრძანება №05/06 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს კულტურის მინისტრის 2026 წლის 1 აპრილის ბრძანება №05/44 - ვებგვერდი, 02.04.2026წ.

