1.კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი განცხადება, რომელიც წარედგინება ეროვნულ სააგენტოს.
2.სანებართვო მოწმობის მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) გასატანი კულტურული ფასეულობის 3 ფერადი ფოტოსურათი (ზომით 9x13 სმ); ბ) კულტურული ფასეულობის გამტანი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი; გ) ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ბეჭდური გამოცემის სატიტულო გვერდის ქსეროასლი; დ) კულტურული ფასეულობების სიმრავლის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ჩამონათვალი (2 ეგზ.); ე) იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათით შეუძლებელია კულტურული ფასეულობის შესრულების პერიოდის, მასალის ან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა მონაცემების დადგენა, განმცხადებელი ვალდებულია ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გასატანი კულტურული ფასეულობა წარადგინოს ეროვნულ სააგენტოში.
3.განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია რეგისტრირდება ეროვნული სააგენტოს კანცელარიაში.
4.თუ განცხადებაში მითითებული კულტურული ფასეულობა განეკუთვნება თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობას, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთს, განმცხადებელს წერილობით უნდა ეცნობოს, რომ მის მიერ განცხადებული ნივთი არ საჭიროებს გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობას.
5.სანებართვო მოწმობა მტკიცდება სპეციალური მრგვალი ბეჭდით.
6.საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობების სიმრავლის შემთხვევაში, სანებართვო მოწმობას ერთვის კულტურული ფასეულობების ჩამონათვალი, დამოწმებული სპეციალური მრგვალი ბეჭდით, ასევე გასატანი კულტურული ფასეულობის ფოტოსურათი(ები), დამოწმებული სწორკუთხა ბეჭდით, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი;
7.ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს კულტურული ფასეულობა ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით დარგის სპეციალისტებისგან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის (შემდგომ – საკონსულტაციო ჯგუფი) სხდომაზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასატანად/დროებით გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ: ა) კულტურულ ფასეულობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი; ბ) კულტურული ფასეულობა წარმოადგენს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კულტურულ ფასეულობას; გ) კულტურული ფასეულობა წარმოადგენს საქართველოს მუზეუმსა და საცავში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
8.საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე კულტურული ფასეულობის წარდგენის ვალდებულების შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
9.იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი საკონსულტაციო ჯგუფის სხდომაზე წარსადგენად არ წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას, ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს.
10.საკონსულტაციო ჯგუფი ვიზუალური შესწავლის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული კულტურული ფასეულობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისა ან დროებით გატანის მიზანშეწონილობის შესახებ. საკონსულტაციო ჯგუფის მიერ რეკომენდაციის მიღების წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
11.საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაცია ოქმის სახით გადაეცემა ეროვნული სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს.
12.თუ საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციის თანახმად წარდგენილი კულტურული ფასეულობა საჭიროებს სპეციალურ შესწავლას, რეკომენდაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო მოწმობის გაცემის ვადის არაუმეტეს 3 თვით გახანგრძლივების შესახებ.
13.საკონსულტაციო ჯგუფი იკრიბება საჭიროებისამებრ.
14.თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 4 მარტის ბრძანება №05/06 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს კულტურის მინისტრის 2026 წლის 1 აპრილის ბრძანება №05/44 - ვებგვერდი, 02.04.2026წ.

