1.ყველა სრულწლოვანი ფიზიკური პირი და იურიდიული პირი აღჭურვილია უნარით, თავისი მოქმედებით განახორციელოს სასამართლოში საპროცესო უფლებები და შეასრულოს საპროცესო მოვალეობები, აგრეთვე დაავალოს საქმის წარმოება წარმომადგენელს (საპროცესო ქმედუნარიანობა).
2.ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
3.7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
3¹.თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუწესდა მხარდაჭერა საპროცესო წარმომადგენლობის განსახორციელებლად, სასამართლო ვალდებულია ასეთი საქმე განიხილოს მხარდაჭერის მიმღებისა და მისი მხარდამჭერის სავალდებულო მონაწილეობით.
4.თუ არასრულწლოვანს კანონით მინიჭებული აქვს უფლება თვითონ, დამოუკიდებლად განკარგოს თავისი ქონება, დადოს წვრილმანი საყოფაცხოვრებო გარიგებები და ა. შ., მას უფლება აქვს სასამართლოში პირადად დაიცვას თავისი უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე ან მესამე პირი. სასამართლოს შეუძლია, არასრულწლოვნის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, საქმეში ჩააბას მისი კანონიერი წარმომადგენელიც.
5.მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი – მშობელი, მშვილებელი, მეურვე. სასამართლო უფლებამოსილია, მცირეწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობით ან, მცირეწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით, საქმეში მცირეწლოვანიც ჩააბას.
6.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003 წ., მუხ.139 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 –ვებგვერდი, 28.10.2014წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. მუხლი 81 1 . არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2450 – სსმ I, №20, 11.07.2003 წ., მუხ.139 საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5014 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5914 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.

