1.იმ ობიექტებზე, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე: ა) დაწყებულია მშენებლობის ნებართვის/წერილობითი დასტურის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა/წერილობითი დასტური, ან დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, ვრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი რეგულირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი; ბ) არაუმეტეს ერთი წლისა დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების მიზნით, ვრცელდება წინამდებარე განაშენიანების რეგულირების წესები, გარდა მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებისა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტებზე კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხები, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის დამტკიცემული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება, რეგულირდება წინამდებარე წესების შესაბამისად.
3.თუ შენობები მიღებულია ექსპლუატაციაში განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე ამ წესების V თავის მოთხოვნების შეუსაბამოდ, მათი რეკონსტრუქციისას დაუშვებელია ამავე თავის მოთხოვნათა მიმართ არსებული შეუსაბამობის ხარისხის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. მის შესამცირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შესაძლებლობა.
4.იმ მშენებარე შენობა-ნაგებობაზე, რომელზეც განაშენიანების რეგულირების წესების ძალაში შესვლამდე მინიმუმ სამი წლის წინ, დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ან/და გაცემულია თავდაპირველი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის დასრულება ვერ ხერხდება გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, არ გავრცელდება დამატებითი ავტოსადგომების მოწყობის ვალდებულება.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ობიექტურ მიზეზებს ადგენს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 6 აპრილის №13.02.295 განკარგულებით შექმნილი კომისია.
6.იმ შემთხვევაში, თუ 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და ვერ ხერხდება მშენებლობის დასრულება, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის კორექტირება (მათ შორის, მიწის ნაკვეთის გამიჯვნა) ხორციელდება დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის დამკვეთის (განმცხადებლის) ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის საფუძველზე.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით ამავე პუნქტით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობით დოკუმენტში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს, რომ შემდგომი სამშენებლოდ განვითარების მიზნებისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს განაშენიანების რეგულირების, გეგმის დამტკიცების დროისთვის მოქმედ ნორმებთან მიწის ნაკვეთებისა და საპროექტო შენობა-ნაგებობების შეუსაბამობა.
8.ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესები ვრცელდება უფლებამოსილ ორგანოში 2018 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.
9.თუ წინამდებარე წესების ძალაში შესვლამდე დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში/განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანა გულისხმობს დამტკიცებულ საპროექტო გადაწყვეტაში არსებითად განსხვავებული ქალაქთმშენებლობითი მახასიათებლების (განაშენიანებისა და განაშენიანების ინტენსივობის ზრდა, შენობა-ნაგებობების ფუნქციისა და განთავსების ცვლილება, სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზების ცვლილება და სხვა) ცვლილებას, ცვლილებები განხორციელდეს წინამდებარე წესების შესაბამისად.
10.2019 წლის 20 მარტამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების საფუძველზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში არ იქნება დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მიიჩნევა ძალადაკარგულად.
11.2019 წლის 20 მარტამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დაინტერესებული პირი ვალდებულია შეათანხმოს არქიტექტურული პროექტი არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში არ მოხდა არქიტექტურული პროექტის შეთანხმება, განაშენიანების რეგულირების გეგმა მიიჩნევა ძალადაკარგულად.
11¹.ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი რეგულირება არ გავრცელდეს იმ განაშენიანების რეგულირების გეგმებზე, რომელთა კორექტირება განხორციელებულია ამ პუნქტის ამოქმედებამდე არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში, ან 2019 წლის 20 მარტამდე დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების საფუძველზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის/პროექტის კორექტირების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია 2021 წლის 31 დეკემბრამდე და ჯერ არ დასრულებულა. აღნიშნულ შემთხვევაში განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე არქიტექტურული პროექტი უნდა შეთანხმდეს არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.
12.ამ პუნქტის ამოქმედებამდე გაცემული ის სპეციალური ზონალური შეთანხმებები, რომელთა საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები არ დადგენილა, ძალაშია ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის დადგენილება №8-35 - ვებგვერდი, 03.05.2017წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №19-66 - ვებგვერდი, 12.10.2017წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის დადგენილება №39-19 - ვებგვერდი, 20.03.2019 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №77-20 - ვებგვერდი, 23.03.2021 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 15 თებერვლის დადგენილება №7-12 - ვებგვერდი, 16.02.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №17-111 - ვებგვერდი, 28.11.2022 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის დადგენილება №34-97 - ვებგვერდი, 20.12.2023 წ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება №45-80 - ვებგვერდი, 07.10.2024 წ.

