„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 10. ბიოსფერული რეზერვატი
1. ბიოსფერული რეზერვატი იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, გარემოს გლობალური მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეაციული და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
2. ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ფართო ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენური ობიექტი. ესენია: ბიომების წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები; განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები; მოცემულ ბიომებში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები; ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს „ადამიანი და ბიოსფეროს“ იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.
3. ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ზონებისაგან: ა) ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბ) ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონა; გ) აღდგენის ზონა; დ) ტრადიციულ კულტურული ლანდშაფტის ზონა. ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვება. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და აღდგენითი საქმიანობა. აღდგენის ზონაში დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დაცვა და აღდგენა. ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება.
