„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 11. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი
1. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი იქმნება უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიებისა და წარმონაქმნების დასაცავად საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერული კვლევის, საგანმანათლებლო და მონიტორინგული საქმიანობისათვის.
2. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ბუნებრივ-კულტურული ფასეულობები, კერძოდ: ა) ბუნებრივ გარემოში განივთებული დედამიწის ისტორიის სხვადასხვა საფეხურის ამსახველი ნიმუშები; ბ) გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების, აგრეთვე, ადამიანისა და გარემოს ისტორიული ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი გარემოს მაგალითები; გ) უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ფენომენები, ფორმაციები, წარმონაქმნები ან გამორჩეული ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიები; დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების პოპულაციები და მათი საარსებო გარემო; ე) ადამიანის შემოქმედებითი გენიის გამოვლინების იშვიათი, უნიკალური და განსაკუთრებით მაღალმხატვრული ნაწარმოებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მსოფლიოს კულტურის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ქალაქგეგმარების, ლანდშაფტური არქიტექტურის, ხუროთმოძღვრებისა და მასთან დაკავშირებული სახვითი ხელოვნების განვითარებაში და (ან) წარმოადგენენ ბუნებისა და კულტურის ჰარმონიული ერთიანობის მაგალითებს. შერჩეული ობიექტის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტი.
