„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
მუხლი 5. ღია და დახურული კონკურსის არსი
1. ღია და დახურული კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
2. საჯარო სამსახურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური.
3. ღია კონკურსი ცხადდება მეოთხე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. დახურული კონკურსი ცხადდება ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
5. ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა; ბ) არსებობს საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე გაცემული დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა.
