1.უმაღლესი განათლების მქონე პირს, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
1¹.უმაღლესი განათლების არმქონე პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების რიგითის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.პირს, რომელსაც არა აქვს სამხედრო ან სპეციალური წოდება, იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას (ან მიღების შემდგომ), რომლისთვისაც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით განსაზღვრულია უმცროსი სპეციალური წოდება, ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების რიგითის წოდება, თუ ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამე არ არის დადგენილი.
3.იმ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიღებისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სპეციალური წოდება, პირს ენიჭება რეზერვის წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.
4.სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სპეციალური ან სამხედრო წოდების შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდებით. მოსამსახურეს თანაბარი წოდება მიენიჭება თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.
5.სამინისტროდან, სამხედრო და სხვა სახელმწიფო სამსახურიდან სამხედრო და სპეციალური წოდებით დათხოვნილ მოსამსახურეებს, სამსახურის სისტემაში მიღების შემდეგ, მორიგ წოდებაზე წარდგენისას, მათ მიერ დათხოვნამდე წოდებაში ნამსახურობის პერიოდი ეთვლებათ წოდებით ნამსახურობის საერთო ვადაში.
6.მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება მიენიჭება დანიშვნის დღიდან (გარდა დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემთხვევისა).
7.დათხოვნისას მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს მორიგი სპეციალური წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.
8.მოსამსახურეს სახელმწიფო სპეციალური წოდება არ ენიჭება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში.
9.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან (ან დანიშვნის შემდგომ) შეიძლება მიენიჭოთ შესაბამისი სპეციალური წოდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 თებერვლის ბრძანება №10 - ვებგვერდი, 04.02.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1 აპრილის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 01.04.2019წ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №133 - ვებგვერდი, 21.09.2020წ.

