1.მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არა აქვს უფლება, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი საქმიანობებისა ან საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა), ან ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე საჯარო დაწესებულებაში (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისა) ან კერძო სამართლის იურიდიულ პირში, ან იყოს ნებისმიერი დონის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში, ან დაწესებულებაში.
2.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება არ აქვს ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და სპორტული საქმიანობებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობისა) საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სახელმწიფო ორგანოს, ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს/ფლობენ სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტები, ამ საწარმოს შვილობილ საწარმოში.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ საჯარო სამსახურში, აგრეთვე, იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისას, მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
4.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მხოლოდ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ კონკრეტული სამუშაოს შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.

