1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ან საკანონმდებლო აქტის თანახმად, უმაღლეს საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას უმაღლესი საბჭოს წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ფრაქციას კომიტეტზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს კომიტეტში წევრი.
3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვალდებულია კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხ(ებ)ის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას.
4.კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს უგზავნის კომიტეტის თავმჯდომარე. მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომიტეტის სხდომამდე არაუგვიანეს 1 კვირისა. კომიტეტი მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველივე კომიტეტის სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომიტეტის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხ(ებ)ის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომიტეტის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.
6.სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.
7.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს კომიტეტის წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.
8.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დასწრებიდან მომდევნო ორი თვის ვადაში, ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას კომიტეტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნით.
