1.მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად, სააგენტოს მიერ რეგისტრირდება: ა) გირავნობა; ბ) ლიზინგი; გ) საბანკო გარანტია; დ) მხოლოდ ის ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ე) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივები.
2.მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია წარმოებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ან სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) უფლების სუბიექტების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო ამ ინსტრუქციის 70-ე მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის მოთხოვნისას – მხოლოდ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ემიტენტის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) უფლების წარმოშობის, მასში ცვლილების ან/და მისი შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის/შეტყობინების რეკვიზიტებს; გ) უფლების საგნის ზოგადი ან კონკრეტული ნიშნებით აღწერას.
3.სააგენტო პასუხს არ აგებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ან/და სხვა დოკუმენტის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობაზე, აგრეთვე განმცხადებლის უფლებამოსილებაზე, მოითხოვოს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლებაში ცვლილების ან/და უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.
4.თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაცია სავალდებულოა, უფლება წარმოშობილად ითვლება სააგენტოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 13 ივნისის ბრძანება №918 - ვებგვერდი, 14.06.2023 წ.

