„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 17. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
1. საქართველოს მთავრობა: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მინიმალური მახასიათებლების მისაღწევად; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტებზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას.
2. შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას გამოიწვევს; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გამოიყენება, გარდა საცხოვრებელი ან თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, შენობის საიდენტიფიკაციო სხვა მონაცემების გარდა, შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3534 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 18. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირება 1. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაციის ან/და სერტიფიცირების და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების საკითხები რეგულირდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
