მუხლი 44. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს: ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); გ) განმცხადებლის სტატუსი, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) განმცხადებლის წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისამართი, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებლის წარმომადგენელს შეაქვს; ე) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ვ) მოვალის საქმიანობის ზოგადი აღწერა; ზ) არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია; თ) რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა და იმის დასაბუთება, რომ არსებობს რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა; ი) მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ; კ) მოთხოვნა ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის): ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს; ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ; გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ; დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ; გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა; დ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; ე) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ვ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია; ზ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; თ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის წინასწარ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის არსებობის შემთხვევაში – ამ პროექტის ასლი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული განცხადების შეტანის მომენტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლებსა და ხარჯებში შესატანი, გონივრულად მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია; ი) კრედიტორებთან წინასწარ შეთანხმებული რეაბილიტაციის გეგმა (არსებობის შემთხვევაში). მას უნდა ერთოდეს მოვალის მიერ ამ კანონით დადგენილი კრედიტორთა უმრავლესობისგან წინასწარ მიღებული თანხმობა.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
