მუხლი 45. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით
1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს: ა) იმ სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; ბ) განმცხადებლის გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); გ) განმცხადებლის სტატუსი, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; დ) განმცხადებლის წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისამართი, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება განმცხადებლის წარმომადგენელს შეაქვს; ე) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (არსებობის შემთხვევაში); ვ) არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი პირია; ზ) იმის დასაბუთება, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს; თ) მოთხოვნა ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული მორატორიუმის დამატებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის ცნობილია განმცხადებლისთვის): ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს; ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ; გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ; დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ; გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა; დ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; ე) გადახდისუუნარობის მასის სრული ჩამონათვალი. მიეთითება საბალანსო ღირებულებები, მათ შორის, მოვალის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხების შესახებ ინფორმაცია; ვ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; ზ) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; თ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია; ი) მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში − მისი პარტნიორების თანხმობა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის მომენტისთვის უდიდესი ოდენობის მოთხოვნის მქონე 3 კრედიტორისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) მითითება იმის თაობაზე, რომ მას სურს გაკოტრება/აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
