მუხლი 177. აქციონერთა შეთანხმება
1. აქციონერები ან აქციონერები და მესამე პირი უფლებამოსილი არიან დადონ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებული იქნებიან დადგენილი წესით განახორციელონ აქციიდან გამომდინარე ან სხვა უფლებები და შეასრულონ შესაბამისი მოვალეობები (აქციონერთა შეთანხმება). აქციონერთა შეთანხმების დადების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააქციო საზოგადოებას.
2. აქციონერთა შეთანხმება სპეციალურ ფორმას არ მოითხოვს. აქციონერთა შეთანხმების მონაწილე მხარის მიერ იმ აქციის გასხვისების შემთხვევაში, რომელთან დაკავშირებითაც დადებულია აქციონერთა შეთანხმება, აქციონერთა შეთანხმებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები შემძენზე არ გადადის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სპეციალურად იყო გათვალისწინებული აქციონერთა შეთანხმებითა და აქციის გასხვისების ხელშეკრულებით.
3. აქციონერთა შეთანხმების შესრულება სავალდებულოა მხოლოდ მისი მხარეებისთვის. აქციონერს აქციიდან გამომდინარე უფლებების განხორციელებაზე უარი არ უნდა ეთქვას მის მიერ აქციონერთა შეთანხმების დარღვევის შემთხვევაშიც კი. აქციონერთა შეთანხმების დარღვევა არ შეიძლება გახდეს სააქციო საზოგადოების ორგანოთა გადაწყვეტილებების გაბათილების საფუძველი.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
