„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 21. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება
1. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ სხვა კომერციულ ბანკზე .
2. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის სრულად გასხვისება გულისხმობს ყველა უზრუნველყოფის აქტივისა და პროგრამასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებების ) პროგრამის მიმღებისთვის გადაცემას . პროგრამის სრულად გასასხვისებლად პროგრამის კრედიტორთა თანხმობა არ მოითხოვება .
3. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ნაწილობრივ გასხვისება გულისხმობს უზრუნველყოფის აქტივებისა და პროგრამასთან დაკავშირებული ვალდებულებების ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებების ) პროგრამის მიმღებისთვის ნაწილობრივ გადაცემას . პროგრამის ნაწილობრივ გასასხვისებლად საჭიროა პროგრამის კრედიტორთა კრებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება , რასთან დაკავშირებითაც გამოიყენება ამ კანონის მე -20 მუხლის მე -8 და მე -9 პუნქტების დებულებები .
4. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში გამსხვისებელთან ( ემიტენტთან ) დარჩენილი უზრუნველყოფის აქტივების მოცულობა უნდა აკმაყოფილებდეს პროგრამის ვალდებულებათა უზრუნველყოფისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს .
5. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას : ა ) გამსხვისებლისა და შემძენის სახელწოდებებს , საიდენტიფიკაციო ნომრებსა და იურიდიულ მისამართებს ; ბ ) უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული აქტივებისა და პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების გადაცემის შესახებ შეთანხმებას და შეთანხმებულ ფასს ( ასეთი ფასის არსებობის შემთხვევაში ); გ ) ყველა გადასაცემი ხელშეკრულების , უფლებისა და ვალდებულების ჩამონათვალს , რომელშიც მითითებულია მათი ნომინალური ღირებულება ; დ ) უფლებებისა და ვალდებულებების , მათთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ჩანაწერების გადაცემის წესსა და პირობებს .
