1.ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის წესისა და ვადების შესაბამისად, ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო სტერილიზაციას/კასტრაციას, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.სანაშენე ცხოველის მოშენება დასაშვებია საშენის მიერ ან არაკომერციული მიზნით მეპატრონის მიერ ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოშენების წესისა და ვადების შესაბამისად.
3.ცხოველის მიზნობრივი და გეგმაზომიერი მოშენების უზრუნველსაყოფად აკრძალულია: ა) პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება; ბ) ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება; გ) იმ ცხოველის გამრავლება, რომელიც იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში; დ) ცხოველის შეჯვარება გარეულ ცხოველთან.
4.სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე თანხმობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო ვეტერინარული დაწესებულების მიერ გაცემული ჯანმრთელობის შესახებ ცნობისა და კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების მიერ გაცემული ჯიშიანობისა და მოსაშენებლად ვარგისობის თაობაზე ცნობის საფუძველზე.
5.საშენი სანაშენე ცხოველის მოშენებას ახორციელებს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე.
6.მეპატრონეზე სანაშენე ცხოველის გამრავლებაზე შესაბამის თანხმობას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო გასცემს ერთჯერადად, 2 წლის ვადით, მისი 1 წლამდე ვადით გაგრძელების უფლებით.
7.მეპატრონის მიერ სანაშენე ცხოველის გამრავლების შედეგად მიღებული ნაყარის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.
8.მეპატრონის მიერ გამრავლებული სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.
9.ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვების გარდა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გამოაცხადოს მორატორიუმი ცხოველის დროებით შემოყვანასა და იმპორტზე ან/და მოშენებაზე.
10.ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საგამოფენო ცხოველზე, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის სახეობრივ/ინდივიდუალურ და ჯიშობრივ მახასიათებლებს და განკუთვნილია ცხოველების გამოფენაში მონაწილეობისთვის.
11.ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე მეპატრონე ვალდებულია მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის საგამოფენო ცხოველად აღნიშვნის მიზნით.
12.თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან 2 წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში ცხოველის მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.
13.ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველისთვის საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნის შემდეგ იგი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.
14.ამ მუხლის პირველი−მე-13 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სასამსახურო ძაღლზე.
15.სასამსახურო ძაღლის განკარგვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
